შამანიზმი. ვინ იყვნენ შამანები?
შამანიზმი უძველესი სულიერი პრაქტიკაა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. შამანი ასრულებდა შუამავლის როლს ადამიანურ და ღვთაებრივ სამყაროებს შორის, მოგზაურობდა სულების სამყაროში და შეეძლო ადამიანის განკურნება.
შამანური რიტუალი სრულდებოდა ცეკვით და დრამის რტყმით, რა დროსაც შამანს ეცვა ცხოველისა და ფრინველის ნაწილებით შემკული სამოსი და თანდათან ტრანსულ მდგომარეობაში შედიოდა; უკავშირდებოდა სულებს, იღებდა ცოდნას და კურნავდა დაავადებულს. ასევე, შამანი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ტომის დაცვაზე ზრუნავდა.
შამანური ტრადიციები, ფაქტობრივად, ყველა ძველ ცივილიზაციაში გვხვდება, თუმცა, განსაკუთრებით განვითარებული იყო მაიასა და აცტეკებში, სადაც შამანი მთავარ როლს ასრულებდა სულიერ და სოციალურ ცხოვრებაში და ცოდნას ტომის მართვისთვისაც იყენებდა.
საინტერესოა, რომ შამანად ირჩეოდა ნევროტული პიროვნება, რომელიც მხოლოდ კრიზისის გავლის შემდეგ ხდებოდა შამანი. ითვლებოდა, რომ მას სულები ირჩევდნენ და შამანად ქცევისთვის ჯერ მძიმე ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური გამოწვევები უნდა გადაელახა…
ტკივილები, კრუნჩხვები, ხილვები, ჰალუცინაციები, იდენტობის დაკარგვა და ა.შ. – ეს იყო გზა, ინიციაციის პროცესი, რომელსაც არჩეული პიროვნება გადიოდა და ამის შემდეგ ეძლეოდა ცოდნა და ძალა სულებისგან.
როცა არჩეული პიროვნება მტანჯველი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომებისგან იკურნებოდა, მას ხალხი შამანად აღიარებდა, ხოლო შამანი ხალხის წინაშე იღებდა პასუხისმგებლობას საკუთარი მისიის შესრულებაზე.
„პასუხისმგებლობა“ შემთხვევით არ გვიხსენებია. შამანთა წესებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება აქტიურად ფიგურირებდა და გათავისუფლების გზაზე აუცილებლობას წარმოადგენდა.
პასუხი მხოლოდ საკუთარ საქმეზე აგე.
პასუხისმგებლობას სხვას ნუ დააკისრებ – გამოასწორე საკუთარი შეცდომები.
ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ – გახსოვდეს, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია…
ურთიერთდაკავშირებულობის იდეასაც შამანიზმში წამყვანი როლი ეკავა და ეს ეხებოდა არამარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებს, მცენარეებს, მთლიან სამყაროს. შამანებს სწამდათ, რომ ყველაფერს აქვს სული და სწორედ სულებთან ურთიერთობის დახმარებით, ახდენდნენ განკურნებასა თუ ცოდნის მიღებას.
რიტუალისას, ღრმა ტრანსულ მდგომარეობაში, შამანს შეეძლო გარდასახვა რომელიმე ცხოველის, მდინარის თუ ხის სულად და მისი დახმარებით კურნება; დაზიანებული სულისთვის უარყოფითი ენერგიის მოშორება, ჰარმონიის და ბალანსის აღდგენა…
სულების სამყაროში მოგზაურობის დასრულების შემდეგ შამანი ადამიანურ ცნობიერებას უბრუნდებოდა. დაბრუნების შემდეგ კი დიდ დროს უთმობდა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობისას მიღებული გამოცდილების ანალიზს და ზოგჯერ ამ ცოდნას ხალხსაც უზიარებდა.
შამანიზმი არც საქართველოსთვის ყოფილა უცხო. მის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს აღმოსავლეთის მთიანეთში გავრცელებული ქადაგობა.