ტრანსფორმაციის საიდუმლო და სიმბოლოები
შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმაცია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები იცვლებიან და ამ ცვლილებას წინ ტრანსფორმაციის პროცესი უძღვის, რომელიც ხან უფრო მშვიდი, ხან კი მეტად მტკივნეული გზით ხდება.
ძველად, ინიციაციის ცერემონიებისას, ხშირად იყენებდნენ ნიღბებს, როგორც ტრანსფორმაციის სიმბოლოს – ცხოვრების ერთი ეტაპიდან ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
მაგალითად, როცა ყმაწვილი ზრდასრულად ქცევის ინიციაციას გადიოდა, რიტუალის აღმსრულებლებს ეკეთათ წმინდა ცხოველების ან ღმერთების ნიღბები და მას აწამებდნენ, რათა ყმაწვილს „სიკვდილი“ და ხელახლა დაბადება განეცადა და სამუდამოდ გარდაქმნილიყო.
ეს რიტუალები შექმნილი იყო ფსიქიკური ზიანის საკონტროლებლად, რომელიც შესაძლოა დადგეს მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპების დროს, და ასევე, ნეგატიური ტრანსფორმაციის თავიდან ასარიდებლად, როგორიცაა პიროვნების გახლეჩვა ან სიკვდილი.
ტრანსფორმაციის პროცესს გვიჩვენებს ალქიმიაც: ძირითადი ნივთიერებები და ელემენტები, რომელიც არაცნობიერ პროცესს სიმბოლირებს, ტანჯვის გზით გარდაიქმნება ცნობიერ და მყარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობად. ეს ტრანსფორმაცია სიბნელიდან ახალ სიცოცხლემდე ალქიმიურ სიმბოლოებშია გამოსახული.
რეალურ ცხოვრებაში, ტრანსფორმაციის პროცესი ხშირად მტანჯველია და თან ახლავს დეპრესია, შფოთვები, მრისხანება, სტაგნაცია, სასოწარკვეთილება… თუმცა, საიდუმლო ისაა, რომ ამ ყველაფერში „ჩაძირვა“ და პროცესის გავლა მოგვიანებით ხელს უწყობს ამ მდგომარეობების გარდაქმნას სიცოცხლისა და განვითარების წყაროდ და ის, რაც მანამდე გვტანჯავდა, ახალ შემოქმედებით ენერგიად იქცევა.
ეს პარადიგმა – ნიგრედოდან რუბედომდე, ცხოვრების განმავლობაში მეორდება, თუმცა, ტრანსფორმაცია ასევე სიმბოლირებს ნამდვილ და სამუდამო ცვლილებასაც, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვუახლოვდებით და ვეხებით მთლიანობას.