კლასგარეშე საკითხავი

სახალისო ისტორიები დასუფთავებაზე

    ამ ბლოგში დასუფთავებასთან და საწმენდ საშუალებებთან დაკავშირებულ სახალისო ისტორიებს მოგიყვებით, რომელთაგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოგონების მიზეზიც კი გახდა,ზოგიერთი კი, უბრალოდ, ღიმილს მოგგვრით…

    მართალია, ძველ ეგვიპტელებს საპონი არ ჰქონდათ, თუმცა, ჰქონდათ საპნის მსგავსი ნაზავი, რომელსაც ფარაონის ტანსაცმლის გასაწმენდად იყენებდნენ და რომელიც ცხოველის ქონისა და ნაცრის შერევით მიიღებოდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს საწმენდი საშუალება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთმა მსახურმა შემთხვევით დაღვარა ქონი ნაცარში და მიღებული მასით ტანსაცმელი ჩვეულებრივზე ბევრად უკეთ გაწმინდა.

    1985 წელს, ნიუ-ჯერსიში, ერთმა ქალბატონმა საჩივარი შეიტანა იმის თაობაზე, რომ მისი ახალი ხელის მტვერსასრუტი ღამით თავისით ირთვებოდა და ხმას გამოსცემდა. ამ უჩვეულო ფაქტის გამოძიებამ სახალისო ფაქტი აღმოაჩინა: ქალის თუთიყუშმა ზედმიწევნით კარგად დაისწავლა მტვერსასრუტის ხმა და ღამღამობით ზუსტად იმეორებდა…

    საფრანგეთში „დასუფთავების რევოლუცია“ სარკეებით დაიწყო… მე-19 საუკუნის პარიზში სახლები საკმაოდ ბნელი და მტვრიანი გახლდათ. როცა დიდი ზომის, იაფი სარკეები გამოჩნდა, მოსახლეობამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რამდენად მტვრიანი იყო რეალურად მათი სახლები და მეტად დაიწყეს ზრუნვა სისუფთავეზე.

    ნასას ოთახები დედამიწაზე ყველაზე სუფთა და სტერილური ადგილია. თუმცა, 2012 წელს მეცნიერები გამუდმებით პოულობდნენ უცნაურ, აქამდე უცნობ ბაქტერიას, რომელიც სპირტსაც უძლებდა, ქლორიან ხსნარებსაც და უკიდურეს სიმშრალესაც. მოკლედ, ეს იყო ნამდვილად უცნაური ბაქტერია, რომელიც ყველაზე სუფთა პირობებშიც კი ახერხებდა გადარჩენას.

    ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოგონება ერთი ნიჭიერი ქალბატონის დიდ პრობლემებს უკავშირდება… ჯოზეფინ კოკრეინს 1883 წელს გარდაეცვალა მეუღლე, რომელსაც ბევრი ვალი დარჩა. ქალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მოსამსახურეები მას ხშირად უმტვრევდნენ ძვირფას ჭურჭელს. ამ პრობლემებმა კოკრეინი 1886 წელს ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოგონებამდე მიიყვანა, რამაც მისი მდგომარეობაც შეცვალა და მთელს მსოფლიოში – მილიონობით ადამიანისაც…

    2004 წელს ალასკის უნივერსიტეტში წყლის მილი გასკდა და 10 000-მდე იშვიათი წიგნი დასველდა. მშრალად გაშრობა წიგნებს გაანადგურებდა, ამიტომ არქივის თანამშრომლებმა შემდეგ გამოსავალს მიაგნეს: წიგნები -30 გრადუს ტემპერატურაზე გაყინეს. გაყინვამ ობის გავრცელება შეაჩერა და მერე, ნელი გალღობის პროცესის შედეგად, თითქმის ყველა წიგნი გადარჩა.