საინტერესო ფაქტები სარეცხი და საწმენდი საშუალებების შესახებ
გიფიქრია, რომ იყო დრო, როცა მტვერსასრუტი არ არსებობდა? ან არ არსებობდა სარეცხი მანქანა და ადამიანებს ცივ წყალში ხელით რეცხვა უწევდათ? სარეცხ და საწმენდ საშუალებებს საინტერესო ისტორია აქვთ და ამ ბლოგში რამდენიმე მათგანს მოგიყვებით.
პირველი მტვერსასრუტი ცხენის მეშვეობით გადაადგილდებოდა.
ის 1901 წელს, ბრიტანელმა ინჟინერმა, ჰუბერტ სესილი ბუთმა შექმნა და იმდენად დიდი იყო, რომ ცხენით გადაჰქონდათ. მტვერსასრუტი დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწებოდა და დღეს მისი უამრავი მოდერნიზებული ვერსია არსებობს.
სოდა და ძმარი თითქმის ყველაფერს წმენდს.
ეს ორი ბუნებრივი საშუალება ეფექტურად აქრობს რთულ ლაქებს და აშორებს სუნს. მათ გამოიყენებენ მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად, ხალიჩიდან ლაქების ამოსაყვანად, ვერცხლის გასაწმენდად და ა.შ. და ა.შ.
საპონი უკვე ათასწლეულებია, არსებობს.
საპნის მსგავს ნივთიერებებზე უძველესი მინიშნება ძვ.წ 2800 წელს, ბაბილონში გვხვდება. ასევე, ძველი ეგვიპტელები მიცვალებულებს საფლავში ცხოველის ქონითა და ნაცრით დამზადებულ საპონს ატანდნენ, რადგან სწამდათ, რომ სუფთა სხეული სულს სხვა სამყაროში გადასვლაში ეხმარებოდა.
პირველი ელექტრული სარეცხის მანქანა 1907 წელს შეიქმნა.
მისი შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა, ეს ალვა ჯ. ფიშერმა შეძლო და მას „თორი“ ეწოდა. „თორი“ იყო პირველი ავტომატური სარეცხი მანქანა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა.
ლიმონის წვენი ძლიერი საწმენდი საშუალებაა.
მაღალი მჟავიანობის გამო, ის კარგად უმკლავდება ცხიმსა და ჭუჭყს და ამიტომ, განსაკუთრებით ეფექტურია სამზარეულოს დასუფთავებისთვის, იქნება ეს ნიჟარის, გაზისა თუ სხვადასხვა ნალექის წმენდა.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ქალმა გამოიგონა.
ჯოზეფინ კოკრეინმა 1886 წელს პირველი ჭურჭლის სარეცხი აპარატი შექმნა. 1883 წელს მას გარდაეცვალა ქმარი, რომელსაც ბევრი ვალი დარჩა. ქალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, ნიჭიერ ქალბატონს, რომლის მამაც ინჟინერი იყო, დაებადა ბრწყინვალე იდეა, რომელიც ქალებს საქმეს გაუმარტივებდა…
1886 წელს შექმნილი მოწყობილობა ჯოზეფინმა 1893 წელს ჩიკაგოში, გამოფენაზე წარადგინა და მთავარი პრიზიც მიიღო. პირველი პარტია კი მაშინვე იყიდეს გამოფენაზე დამსწრე კაფე-რესტორნებმა.