Uncategorized

როგორ მოვაშოროთ კედელს ობი

    ობის გაჩენის რისკი თითქმის ყველგანაა, სადაც ნესტია. ობი შეიძლება იყოს მოშავო, მოთეთრო, მომწვანო, მოიასამნისფრო და ზომითაც განსხვავდებოდეს – პატარა ლაქიდან მთელს კედლამდე. როცა ობს ყურადღება არ ექცევა, ის განაგრძობს გავრცელებას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა სარდაფი და სხვენი.

    თუ ობი შენიშნეთ, სჯობს, დროულად იმოქმედოთ, რათა მინიმუმამდე შეამციროთ  ზიანი, რომელიც შეიძლება თქვენს სახლსა და ჯანმრთელობას მიადგეს. CDC-ის ინფორმაციით, ობთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პრობლემები, ეგზემა, პნევმონიტი, ან ასთმის გაუარესება. ასევე, კვლევების მიხედვით, მოსახლოების 3-10% ობზე ალერგიულია.

    ობის ძირითადი მიზეზი ტენიანობაა. ამიტომ, როცა ობს აღმოაჩენთ, პირველ რიგში, გამოარკვიეთ, საიდან ხდება დატენიანება. შეიძლება ეს იყოს გახვრეტილი მილი, ან კონდენსაციის პრობლემა. შესაბამისად, იზრუნეთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. შემდეგ კი, ყურადღება თვალსაჩინო ობზე მიმართეთ და შეუდექით მის მოშორებას. ხშირად, პირველი მცდელობისას დაფარული ფესვები კვლავ რჩება და ობი ისევ ბრუნდება. თუმცა, ჩვენ გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ობი საბოლოოდ მოიშოროთ.

    სანამ საქმეს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ იქაურობა კარგადაა განიავებული. ჩაიცვით გრძელმკლავიანი მაისური და შარვალი. აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და პირბადე. კარგია, თუ დამცავ სათვალესაც გამოიყენებთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ საქმე, რისთვისაც დაგჭირდებათ: წყალი, მათეთრებელი ხსნარი, თეთრი ძმარი, 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, 2 სპრეის ბოთლი და ჯაგრისი.

    მაშ ასე:

    ერთ სპრეის ბოთლში შეურიეთ მათეთრებელი ხსნარი და წყალი 1/4-ზე (1 – ხსნარი, 3 – წყალი).

    მიასხით დაობებულ და მის გარშემო ადგილებს და გაჟღინთეთ.

    გააჩერეთ ასე დაახლოებით 10-15 წუთით, რათა კარგად გაიჟღინთოს.

    შემდეგ ჯაგრისით დაიწყეთ ობის მოშორება და იქამდე გაიმეორეთ პროცესი, სანამ მთლიანად არ მოშორდება.

    მეორე სპრეის ბოთლში შეურიეთ ერთმანეთს თეთრი ძმარი და წყალბადის ზეჟანგი 50/50-ზე.

    შეასხურეთ გაწმენდილ ადგილს და მიეცით მას შეწოვისა და ბუნებრივად გაშრობის საშუალება.

    ეს მეთოდი ეფექტურია, რადგან აშორებს არამარტო თვალსაჩინო ობს, არამედ დაფარულ ფესვებსაც, რომელიც ხშირად უყურადღებოდ რჩება და ობის ხელახლა აღმოცენებას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მისი ძირფესვიანად აღმოფხვრა გსურთ, არ დაიზაროთ და მიჰყევით ნაბიჯებს.