როგორ ხსნიდა სიზმრებს ფროიდი?
რატომ ვხედავთ სიზმრებს და რას გვამცნობენ ისინი? ეს კითხვები კაცობრიობას, საუკუნეებია, აწუხებს. ხშირია შემთხვევები, როცა სიზმარში ნანახი რეალობაში ხდება, ან სიზმარი გარკვეულ სიმბოლოებსა და მინიშნებებს გვთავაზობს.
სიზმრის ფენომენი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ეზოთერიკაში, და მისი სხვადასხვანაირი ახსნაც არსებობს. ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა, ზიგმუნდ ფროიდმა კი სიზმრის თემას დიდი და მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა: „სიზმრის ინტერპრეტაცია“.
თავის პრაქტიკაში, პაციენტებთან ურთიერთობისას, ფროიდი აქტიურად იყენებდა სიზმრების ანალიზს, რადგან მიაჩნდა, რომ სიზმრის მეშვეობით, გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება ადამიანის ფსიქიკის, არაცნობიერი კონფლიქტებისა და შიშების შესახებ, ვიდრე გაცნობიერებული საუბრით. ხშირად, ნევროზის მიზეზს – გადაუჭრელ არაცნობიერ კონფლიქტს, სწორედ სიზმარი ამხელდა.
ფროიდი თვლიდა, რომ ყველა სიზმარს აქვს აზრი და მთავარი აზრი – სურვილის ასრულებაა. სიზმარს მისი მნახველის რეალურად არსებული, თუმცა დათრგუნული და დაფარული ამორალური განცდების გამოაშკარავების უნარი აქვს. ის ჩვენი ფსიქიკის ფარულ სიღრმეებს ცნობიერებისთვის ხელმისაწვდომს ხდის და ზნეობრივ დეფექტებზე მიგვანიშნებს.
აქ მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: როგორ შეიძლება სურვილის ასრულებად ჩაითვალოს შიშის მომგვრელი სიზმარი, რომელიც უსიამოვნო და ზოგჯერ, შემაძრწუნებელ განცდებს იწვევს?
ამის პასუხად, ფროიდი საუბრობდა არა სიზმრის პირდაპირ შინაარსზე, არამედ იმ ფარულ იდეებსა და მნიშვნელობებზე, რომლებსაც სიზმარი გვაწვდის და რომლებიც მხოლოდ მისი ანალიზისა და ინტერპრეტაციის შედეგად ხდება გასაგები.
ფროიდი ასევე თვლიდა, რომ სიზმრის შიშსა და ნევროზულ შიშს შორის ღრმა კავშირი არსებობს. ნევროზული შიში სექსუალურ ცხოვრებას უკავშირდება და დაუკმაყოფილებელი ლიბიდოს შედეგია. ხოლო შიშის მომგვრელი სიზმრები სექსუალური შინაარსის სიზმრებია, სადაც ლიბიდო შიშად ტრანსფორმირდება.
მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ზიგმუნდ ფროიდმა ერთი საინტერესო მომენტიც შენიშნა: სიზმარში შესაძლოა ბავშვობის ის შთაბეჭდილებები აისახოს, რომლებიც სიფხიზლეში მეხსიერებიდან გამქრალია. მისი სიტყვებით: „სურვილი, რომელიც სიზმრის წყაროა, და თავად სიზმარი, რომელიც ამ სურვილის ასრულებაა, ბავშვობის დროიდან წარმოდგება და ადამიანი, თავისდა გასაკვირად, აღმოაჩენს, რომ სიზმარში ბავშვის ცხოვრებას აგრძელებს მთელი თავისი სურვილებითა და იმპულსებით.“
ფროიდი სიზმრის სწორი ინტერპრეტაციისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სიზმრის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ელემენტებს და მასში გაჟღერებულ სიტყვებს, რომლებიც ხშირად აბსურდული და უაზრო გვეჩვენება. მიაჩნდა, რომ სინამდვილეში, ეს „აბსურდული“ სიტყვები და შეუმჩნეველი დეტალები კარგი მასალაა, ადამიანის არაცნობიერი პროცესების გასაგებად.
წყარო: ზიგმუნდ ფროიდი, „სიზმრის ინტერპრეტაცია“, გამომცემლობა „დიოგენე“, 2024