რატომ გვეშინია თავისუფლების?
რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ ის? ამ კითხვებს ყველა ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. მითუმეტეს, დღეს, როცა წინა ეპოქებთან შედარებით, თითქოსდა ადამიანი გაცილებით თავისუფალია, თუმცა, მაინც მარტოობისა და გაუცხოების განცდებით იტანჯება.
მეოცე საუკუნის გამორჩეულმა ფიგურამ ფსიქოლოგიაში, ერიხ ფრომმა, 1941 წელს გამოაქვეყნა წიგნი: „თავისუფლებისგან გაქცევა“ – ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი თავისუფლების, ადამიანის რაობის, შიშებისა და დანიშნულების შესახებ.
ფრომის თქმით, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომლისთვისაც მისი საკუთარი არსებობა პრობლემას წარმოადგენს, და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს, ადამიანმა უნდა უპასუხოს ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს: ან თავისუფლებისკენ მისწრაფებით ან თავისუფლებისგან გაქცევით.
თუმცა, ადამიანების უმეტესობა ეგზისტენციალურ წინააღმდეგობას თავისუფლებისგან გაქცევით პასუხობს, რითაც სინამდვილეში, მარტოობის, გაუცხოების, უსუსურობისა და დაკარგულობის განცდებს გაურბის. იმისთვის, რომ მარტოობა და უმწეობა დაძლიოს, ადამიანი უარს ამბობს ინდივიდუალობაზე და ნაწილობრივ ან სრულად კარგავს მე-ს მთლიანობას.
ფრომი თავისუფლებისგან გაქცევის სამ ძირითად მექანიზმს გამოყოფს:
ავტორიტარიზმი, რომელიც სადიზმსა და მაზოხიზმს მოიცავს. ესაა სიმბიოზი, სადაც ორივე მხარე მთლიანად ერთმანეთზეა დამოკიდებული. მაზოხისტი ნაკლოვანებისა და უსუსურობის განცდებით, თვითდაკნინებისადმი მიდრეკილებით ხასიათდება. სადისტისთვის კი დამახასიათებელია სხვისი დათრგუნვა, დამორჩილება, ტანჯვისა და ზიანის მიყენება. ორივე მათგანს ერთნაირად ესაჭიროება სხვა, რათა, თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე, როგორმე თავი დააღწიოს იზოლაციას.
დესტრუქტივიზმი, რომლის დროსაც ადამიანი მიდრეკილია ყოველგვარი ობიექტის, სულიერი თუ მატერიალური ფასეულობების განადგურებისკენ. სწორედ მათი განადგურებითა და გაქრობით დაიძლევა ინდივიდში უძლურება და უსუსურობა.
ავტომატური კონფორმიზმი, როცა ადამიანი მთლიანად ისეთი ხდება, როგორიც სხვები, უარს ამბობს საკუთარ მე-ზე და მოცემულ სტანდარტს ემორჩილება. ასეთ დროს, ადამიანი აღარ განიცდის შფოთვასა და მარტოობას, მაგრამ ვერც ბედნიერებას აღწევს, რადგან ეგზისტენციალური წინააღმდეგობის კონფორმიზმით გადაჭრა ინდივიდუალობის დაკარგვის ფასად უჯდება.
რაც შეეხება თავისუფლებისკენ მისწრაფებას, ფრომის მტკიცებით, თავისუფლებას ადამიანი ნამდვილი სიყვარულითა და შემოქმედებითი შრომით მოიპოვებს. ასეთ შემთხვევაში, იგი არ თმობს ინდივიდუალობას, ირჩევს დამოუკიდებლობას და საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს ავლენს. სიყვარულისა და შრომაში თვითრეალიზებით ადამიანი პოზიტიურად სძლევს მარტოობას და აღწევს ერთიანობას თავის თავთან, სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან.
თავისუფლება სიყვარულითა და შემოქმედებითი შრომით მიიღწევა და ამ დროს ადამიანი თავად ხდება საკუთარი ცხოვრების შემოქმედი – თავის უფალი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ბევრად რთულია და გაცნობიერებებსა და ტრანსფორმაციებს მოითხოვს, სწორედ ისაა ბედნიერების გასაღები.