რა თერაპიული ეფექტი აქვს დასუფთავებას?
შეიძლება, ერთი შეხედვით, უცნაური გეჩვენოთ, თუმცა, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტები დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებს საკმაოდ ხშირად, ყოველდღიურად 10-წუთიანი დალაგების დავალებას აძლევენ.
მიზეზი ისაა, რომ დასუფთავებას თერაპიული ეფექტი აქვს და თუ რატომ, ამაზე დაწვრილებით მოგიყვებით…
კლინიკური დეპრესიის მქონე პაციენტებს ხშირად საწოლიდან ადგომაც კი უჭირთ, რაც უსარგებლობისა და დანაშაულის განცდებს აძლიერებს. ყოველდღიური დასუფთავების პრაქტიკა კი შემდეგ ეფექტს იძლევა:
პატარა საქმეების შესრულება იწვევს კმაყოფილებას
ამცირებს უფუნქციობის და უსარგებლობის განცდას
გამოიყოფა ენდორფინები
ფიზიკური აქტივობა ზრდის სეროტონინს
რაც შეეხება შფოთვას, ხშირად ის კონტროლის შეგრძნებას უკავშირდება და მისი დაკარგვის შესაძლებლობითაა გამოწვეული. დასუფთავება კი კონტროლის დაუყოვნებლივ განცდას იძლევა. (ამიტომაა, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანებს სისუფთავის რიტუალები ახასიათებთ.)
დალაგების დროს ყურადღება მიმდინარე მომენტზე გადადის და შფოთვითი აზრები სუსტდება, კუნთების დაძაბულობა იკლებს და სუნთქვა რეგულირდება, რაც ბუნებრივად ამცირებს შფოთვას. ერთი ზედაპირის დასუფთავებამაც კი შეიძლება დაამშვიდოს ნერვული სისტემა, რადგან შედეგი მაშინვე ჩანს, განცდაში კი – ქაოსს ცვლის წესრიგი.
ასევე, კვლევებით დადასტურებული ფაქტია, რომ არეული გარემო ზრდის სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს, ხოლო როდესაც სივრცე სუფთავდება:
ტვინი იღებს ნაკლებ სტრესულ სიგნალს
გარემო აღარ „ითხოვს ყურადღებას“
სუფთა სივრცე იწვევს ემოციურ სიმშვიდეს და გონებას დასვენების საშუალებას აძლევს
დასუფთავება ბევრისთვის სიმბოლურ განახლებასაც ნიშნავს: ემოციური ტვირთისგან გათავისუფლებას, რთული ეტაპის დახურვას და ახალი ეტაპის დასაწყისის შექმნას. ამიტომაა, რომ ადამიანები ხშირად გრძნობენ ღრმა შვებას გენერალური დასუფთავების შემდეგ.