რა ინფორმაციას ატარებს თმა?
 
								თმა დიდი ენერგიის მატარებელია და ადამიანის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. აპოლონი გამოსახულია მოწესრიგებული, ოქროსფერი თმით. დიონისე კი – მუქი, აბურდული თმით. ორივე ეს სახება მათ პიროვნულ თვისებებს გამოხატავს და უკავშირდება…
ასევე, თმა ნათლად მიგვანიშნებს, თუ რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ადამიანი. ტილებით სავსე, დაუვარცხნელი თმა მენტალური აშლილობის ნიშნად ითვლებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, ასკეტური ცხოვრების წესზე და ხორციელის უგულებელყოფაზეც მიუთითებდა.
თმის სიცოცხლისუნარიანობა გასაოცარია. შეჭრის შემდეგ, თმა ამოსვლას იწყებს და ჩამოცვენილი ღერები მუდმივად ახლით იცვლება. ასევე, სიკვდილის შემდეგ, ფრჩხილების მსგავსად, თმაც აგრძელებს ზრდას…
თმა ატარებს დნმ-ს და შესაბამისად, ინფორმაციას ჩვენი რასის, ეთნოსის, გენდერის შესახებ. ამავდროულად კი, შეიძლება ასახავდეს ადამიანის ინდივიდუალობას და ხასიათის თავისებურებებს.
მაგალითად, ითვლება, რომ წითელი ფერის თმა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს აქვს, გამოხატავს ვნებას, სექსუალურ თავისუფლებას, ცეცხლოვანებას და დამანგრეველ რისხვას. ინკვიზიტორები წითელი ფერის თმას საეჭვოდ მიიჩნევდნენ და ჯადოქრობას უკავშირებდნენ.
ინდიელი მამაკაცები გლოვის დროს თმას იშლიდნენ. ინდოელი მამაკაცები კი თმის შეჭრით ან მისი დაფარვით გამოხატავდნენ მწუხარებას და სეპარაციას.
მამაკაცის თმა ნიშნავდა ძლიერებას, ახალგაზრდობას, პოტენციას და მისი დაკარგვის შემთხვევაში, კაცს შეიძლება თავი დაუცველად ეგრძნო.
ქალისთვის თმა ასოცირდებოდა სიწმინდესთან, მიმღებლობასთან, ამიტომ მონდომებით უვლიდნენ მას და დღემდე ქალების რუტინაში თმის მოვლას მთავარი ადგილი უჭირავს.
ეკლესიებსა და ტაძრებში ქალებს ადრიდანვე მოეთხოვებოდათ თავსაფრის ტარება, რაც მომხიბვლელობის დაფარვას და მაცდური აზრების განდევნას ემსახურებოდა…
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად, კრიზისის დროს, ან ტრანსფორმაციის პერიოდში ადამიანს, პირველ რიგში, თმის შეჭრის სურვილი უჩნდება. ეს სულაც არაა შემთხვევითი. თმა ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ინიციაციის პროცესში. რიტუალების დროს ახალგაზრდები თმას ქუდით ან თავშლით იფარავდნენ, რაც გამოხატავდა მათ მიერ ზრდასრულის პასუხისმგებლობის აღებას და ტომის სრულფასოვან წევრობას.
ასე რომ, თმას ოდითგან სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რაც, სხვათა შორის, ზღაპრებშიც კარგადაა ასახული.


