ფერების სიმბოლური მნიშვნელობები
იცოდით, რომ ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს?
ფერები ჩვენზე ზემოქმედებს, რეზონირებს რა ჩვენს მოგონებებთან, ინსტინქტებთან და შეგრძნებებთან. ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი ფერები და მათი მნიშვნელობები, რაც დაგეხმარებათ, ეს ცოდნა სასარგებლოდ გამოიყენოთ და თუნდაც, კონკრეტულ დროს საჭირო ფერის სამოსი შეარჩიოთ.
შავი – დედამიწის, ღამის, მელანქოლიის, ავტორიტეტის და სიკვდილის ფერია. ქვრივის სამოსი (რაც გლოვას გამოხატავს) და მოსამართლის მანტიაც (ავტორიტეტის სიმბოლო) – შავია.
შავი ღვთაებები საშიშები, ორაზროვნები და საბედისწერონი არიან. თუმცა, შავი ფერი გამოხატავს პირველყოფილ ძალასაც და ყველანაირი ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რადგან ამ დროს ადამიანი „სულის ბნელ ღამეს“ გადის, რაც ასევე შავ ფერს უკავშირდება.
თეთრი – ახლის, ინტეგრაციის, სისრულის და სიცარიელის ფერია. ასევე, ის ასოცირდება სისუფთავესთან და სიწმინდესთან (თუ გავიხსენებთ, ანგელოზები თეთრ ფერში არიან გამოსახულნი).
ალქიმიაში თეთრს ორი განმარტება აქვს. ერთი მხრივ, ის გამოხატავს ბავშვურ გულუბრყვილობას, გაუცნობიერებლობას და გამოცდილების ნაკლებობას. მეორე მხრივ კი – სიბრძნეს.
წითელი – სიცოცხლის ფერია და სისხლს უკავშირდება. ძველი განმარტებით, თუ სხეული სისხლისგან იცლება, კვდება, ამიტომ სიცოცხლეს სისხლის ანუ წითელი ფერი აქვს… წითელი – მიმზიდველია, ამაღელვებელი, ვნებიანი, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს საფრთხესაც და აგრესიასაც. ის ლიბიდოს ენერგიის სიმბოლოა.
ძველ რომაელებში წითელი აღნიშნავდა ომს. შუა საუკუნეების ევროპაში, ომის დროს, წითელი დროშის აღმართვა გამოხატავდა დაუმორჩილებლობას. დღესდღეობით, ბევრ კულტურაში, წითელი ასოცირდება სიმამაცესა და გაბედულებასთან.
მწვანე – ბუნების, ფიზიკური ენერგიის, იმედის და კრეატიულობის ფერია. ასევე, გამოხატავს ახალს, ცინცხალს, მოქნილობას და არა – რიგიდულობას.
ძველ ეგვიპტეში მწვანე ზრდის და ცხოვრების სიმბოლო იყო. ზოგიერთი ღმერთი (მაგ: ოსირისი, ტარა) მწვანე ფერის სხეულითაა გამოსახული.
ყვითელი – მაიას ტომში ყვითელი ფერი ღმერთთან ასოცირდებოდა. ჩინეთშიც, ყვითელი უმაღლესს უკავშირდებოდა – მზეს, რომელიც ცის ცენტრია; იმპერატორს, რომელიც სამყაროს ცენტრია (იმპერატორის ემბლემაზე გამოსახული იყო ყვითელი დრაკონი). 1644-დან 1911 წლამდე მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა უფლება, ეტარებინა ყვითელი სამოსი…
ისლამურ კულტურაში ყვითელს ორგვარი განმარტება ჰქონდა: ოქროსფერი ყვითელი გამოხატავდა სიბრძნეს, ფერმკრთალი ყვითელი კი – ღალატსა და ტყუილს.
ალქიმიაში ყვითელი მთლიანობის და ინტეგრაციის ფერია, გარდამავალი ეტაპის ფერი, რომელიც ქაოსს (შავი) მოჰყვება და წინ უძღვის ცნობიერების სინათლეს (თეთრი).
ლურჯი – უკავშირდება მარადისობას, მიღმიერს, ტრანსცენდენტულს, სულიერებას, ზებუნებრივ სილამაზეს. სხვადასხვა ღმერთები ხშირად არიან გამოსახულნი ლურჯი ფერის სხეულით. მაგალითად, კრიშნა, ვიშნუ, ოდინი…
ამავდროულად, ლურჯი სიცივესაც აღნიშნავს. ფსიქოლოგიურად, ის განცალკევების, განშორების და შინაგანი სიღრმის ფერია.