დასუფთავების სპეციალისტი გმირები, რომლებიც ყველას უყვარს
ბევრი ფილმი თუ სერიალი არსებობს, სადაც მთავარი გმირი დასუფთავების სპეციალისტია. ეს გმირები მაყურებელს უყვარს, გულშემატკივრობს, თუმცა, რამდენიმე მათგანი ნამდვილი ფავორიტია და ადამიანთა გულებში სამუდამო კვალი დატოვეს.
პირველ რიგში, ეს ალბათ უილ ჰანტინგია – გას ვან სენტის ფილმიდან „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“. მთავარი გმირი ტექნოლოგიების ინსტიტუტში დასუფთავების სპეციალისტად მუშაობს და განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭითაა დაჯილდოვებული. მას გენიოსის IQ აქვს. მისი ნიჭის აღმოჩენის შემდეგ, უილ ჰანტინგს ფსიქოთერაპიის სეანსებზე უწევს სიარული და საკუთარ თავს ეცნობა…
ეს თერაპიული სეანსები დაუვიწყარი სცენებია, რომლებიც დღემდე ვრცელდება სოციალურ ქსელებში. მითუმეტეს, რომ ფილმში მთავარ როლებს ბრწყინვალე მსახიობები, მეთ დეიმონი და რობინ უილიამსი თამაშობენ. საინტერესოა, რომ ფილმის სცენარი თვითონ მეთ დეიმონმა დაწერა, რამაც მას უზარმაზარი წარმატება მოუტანა.
შემდეგ ფილმში მთავარ როლს ასევე რობინ უილიამსი თამაშობს. „მისის დაუტფაირი“ მოგვითხრობს მამაზე, რომელსაც ყოფილ ცოლთან და შვილებთან მეტი დროის გატარება სურს, რისთვისაც ასაკოვან ქალად გარდაისახება და ოჯახში ძიძად და დიასახლისად იწყებს მუშაობას. ეს სასაცილო და გულისამაჩუყებელი მომენტებით სავსე ფილმი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ოჯახი და საყვარელი ადამიანები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია…
„მოახლე მანჰეტენიდან“ სიყვარულის ისტორიას გვიყვება. მარტოხელა დედა, რომელიც სასტუმროში დასუფთავების სპეციალისტად მუშაობს, შვილზე ზრუნავს და დიდი ოცნებები აქვს, ერთ-ერთ დამსვენებელს გაიცნობს და საბედისწერო სიყვარულის ამბავიც იწყება… ფილმში მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს და ეს მის კარიერაში საუკეთესო როლად ითვლება…
და ბოლოს… ყველასთვის საყვარელი უოლ-ი, რომელიც ყოველდღე, დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებისგან დაცარიელებულ დედამიწაზე სისუფთავე შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ მარტოობა აწუხებს, მაინც ერთგულად აგრძელებს თავის საქმეს და პლანეტას ნაგვისგან წმენდს, იმ იმედით, რომ ოდესმე დედამიწაზე სიცოცხლე დაბრუნდება… ბევრი ადამიანისთვის „უოლ-ი“ ისტორიაში საუკეთესო ანიმაციაა.