ბეჭდის ისტორია და საინტერესო ფაქტები
წრის ფორმის გამო, ბეჭედს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული და
ითვლება, რომ მთლიანობას და უსასრულობას გამოხატავს. ამავდროულად, მისი
დახურული ფორმა შემოსაზღვრულობას და მუდმივობას აღნიშნავს.
ბეჭდებს იყენებენ შეკავშირების, ფიცის და შეთანხმების სიმბოლოდ. ძველი
რომაელების დროიდან მოყოლებული, დაპირებას თუ ქორწინების კავშირს
თითზე ბეჭდის წამოცმით აღნიშნავდნენ. ქორწინების ბეჭედს მარცხენა ხელის
შუა თითზე ატარებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ამ თითიდან ნერვი პირდაპირ
გულისკენ მიემართებოდა.
პლინიუსის თქმით, ბეჭდის წარმოშობა უკავშირდება პრომეთეს, რომელიც
ზევსმა, ოლიმპოდან ცეცხლის მოპარვისა და ადამიანებისთვის გადაცემის გამო,
კლდეს მიაჯაჭვა. გათავისუფლებულ პრომეთეს დაევალა, ჯაჭვის ერთი რგოლი
მუდამ ეტარებინა, როგორც სიმბოლო, რომ ის კვლავ იყო დაკავშირებული
კლდესთან და ზევსს ემორჩილებოდა. ასე გაჩნდა პირველად ბეჭედი…
მოგვიანებით, ბეჭედი ძალის სიმბოლოდ იქცა. მეფის ხელზე ის ავტორიტეტს
აღნიშნავდა და როცა მეფე ბეჭედს სხვას გადასცემდა, ეს სწორედ ავტორიტეტის
გადაცემას გამოხატავდა. ასევე, ძველად სწამდათ, რომ მეფის ბეჭედს
სამკურნალო ძალა ჰქონდა, რომელიც თავად მეფის პიროვნებიდან მოდიოდა.
ბეჭედს სხვა ფუნქციებიც გააჩნდა: დამცველობითი, მაგიური… როგორც
ამბობდნენ, სოლომონის სიბრძნე მისი მაგიური ბეჭდიდან მომდინარეობდა. არ
დაგვავიწყდეს, რომ სოლომონის ბეჭედს უდიდესი სიბრძნე ეწერა: „ყველაფერი
გაივლის“, და როცა მეფე განსაცდელში იყო, ბეჭედს იხსნიდა, წარწერას
კითხულობდა და ახალი ძალით ივსებოდა…
ბეჭედს ზღაპრებშიც ხშირად ვხვდებით, როგორც მაგიურ ნივთს, რომელიც მის
მფლობელს ენითაღუწერელ ძალას ანიჭებს. ზღაპრის გმირები ამ მაგიური ძალით
სარგებლობენ. თუმცა, თანამედროვე სიმბოლიზმი ფოკუსირებას აკეთებს
ამგვარი ძალის საფრთხეებზე. განუზომელ ძალას ადამიანისთვის მორალური
განადგურება მოაქვს, რადგან როცა ადამიანს სჯერა, რომ კაცობრიობას და
ბუნებას აკონტროლებს, თავად ხდება ამ ძალაზე დემონური დამოკიდებულების
მონა.
საინტერესოა, რომ ძველ დროს, სიკვდილის წინ ადამიანები ბეჭედს
იხსნიდნენ, რათა ამქვეყნიურ ცხოვრებასთან კავშირი გაეწყვიტათ და
გათავისუფლებულიყვნენ.