საწმენდი საშუალებების ისტორია
დასუფთავების საშუალებებმა, უძველესი დროიდან მოყოლებული, დიდი გზა გაიარეს. საპნის გამოგონებიდან დაწყებული, ქლორის სადეზინფექციო თვისებების აღმოჩენამდე, ამ პროდუქტების ისტორია ათასწლეულებს ითვლის და საფუძვლად უდევს დღესდღეობით არსებულ უამრავ უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას.
და მაინც, როგორი იყო დასაწყისი?
დასუფთავების პირველი პროდუქტები უბრალო ბუნებრივი საშუალებები გახლდათ – წყალი, ქვიშა, მცენარეები… ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პროდუქტი საპონია, რომელიც ბაბილონელებმა ძვ. წ. 2800 წელს გამოიგონეს. ისინი ცხოველის ცხიმს ნაცარსა და წყალს ურევდნენ და ამ „საპონს“ პირადი ჰიგიენისთვის ხმარობდნენ.
ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ ნატრონისა და წყლის ნაზავს, როგორც სახლების დასასუფთავებლად, ისე მუმიების შესანახად. ასევე, პალმის ფოთლების ან ლერწმისგან ამზადებდნენ „ცოცხებს“, ზედაპირებს კი ქვიშითა და ქვებით ხეხავდნენ.
ძველი ბერძნები და რომაელები სანიტარიზაციისთვის მარილსა და ძმარს ხმარობდნენ. სხეულის და სახლის გასაწმენდად კი იყენებდნენ სპონჯებს, რომლებიც ზღვის ქმნილებებით და მატყლით იყო დამზადებული.
ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა საწმენდი საშუალებებიც. მე-17 საუკუნეში საპნის წარმოება ინდუსტრიად იქცა და ხალხმა მისი გამოყენება დაიწყო.
საწმენდი პროდუქტის წარმოებაზე პირველი ოფიციალური პატენტი 1791 წელს, ნიკოლა ლებლანს მიენიჭა. ეს ნივთიერება, რომელსაც Soda Ash-ით მოიხსენიებდნენ, მაშინვე პოპულარული გახდა და აქტიურად გამოიყენებოდა მინის, საპნისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტების წარმოებაში.
მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში, მეცნიერებმა ქლორის სადეზინფექციო თვისებები აღმოაჩინეს, რამაც საფუძველი დაუდო თანამედროვე დასფუთავების ინდუსტრიას და იმ უამრავ საწმენდ პროდუქტს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ.
ასე რომ, საწმენდ საშუალებებს მართლაც საუკუნეების ისტორია აქვს. დღეს კი, საბედნიეროდ, ყველაფერი გვაქვს, რაც სუფთა გარემოში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს.