Uncategorized

7 ჩვევა სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად

   ალბათ, თითოეულ თქვენგანს გაქვთ დასუფთავების ყოველკვირეული რუტინა. თუმცა, კარგი იქნება, ყოველდღიურობაში რამდენიმე ჩვევა დანერგოთ, რომელიც სახლში სისუფთავეს შეგანარჩუნებინებთ და საბოლოოდ, არც კვირის საქმეები იქნება ძალიან დატვირთული…  

    საღამოს სწრაფად მოაწესრიგეთ ნივთები: ჭურჭელი, დეკორატიული ბალიშები, პულტი თუ სხვა ნივთები თავის ადგილზე დადეთ, რათა სახლში წესრიგი იყოს.

    გაწმინდეთ სამზარეულოს ზედაპირები: სხვა ჩვევებთან შედარებით, ეს უფრო შრომატევადი საქმეა, თუმცა, საჭმლის მომზადების შემდეგ სწრაფი დასუფთავება საუკეთესო ჩვევაა სისუფთავისთვის და უსიამოვნო სუნების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, გაწმინდეთ ზედაპირები, ქურა და მოიშორეთ საკვები ნარჩენები.

    სახლში შემოსვლისას ნივთები თავის ადგილზე დადეთ: მაგალითად, არ მიაგდოთ ქურთუკი დივანზე, არამედ ჩამოკიდეთ საკიდზე. ფეხსაცმელი იქვე გაიხადეთ და დატოვეთ და ა.შ. ეს ჩვევა დაგეხმარებათ, რომ სახლი მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს.

    გაიტანეთ და გადაყარეთ ნაგავი: ნაგვის ყოველდღიური გატანა კარგი იდეაა სუფთა სურნელისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დააგროვოთ ნაგავი და ერთიანად არ გაიტანოთ ბევრი პარკი, რადგან ეს როგორც უსიამოვნო სუნს, ისე ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს.

    გარეცხეთ ჭურჭელი: არ დატოვოთ ნიჟარაში დასარეცხი ჭურჭელი. თუ სარეცხი მანქანა გაქვთ, ჩააწყვეთ მანქანაში, თუ არადა გარეცხეთ, რადგან დასარეცხი ჭურჭელი სიბინძურის შთაბეჭდილებას ტოვებს.

    სწრაფად მოასუფთავეთ იატაკი: სახლის იდეალური იერსახისთვის მტვერსასრუტის ყოველდღიური გამოყენება საუკეთესო ჩვევაა. შეიძლება ზედაპირები და ფანჯრები ბრწყინავდეს, მაგრამ თუ იატაკი ჭუჭყიანია, მთელი სივრცე მოუვლელის შთაბეჭდილებას ქმნის. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ჩვევას ყოველდღიურობაში დანერგავთ.

    ყოველთვის სუფთა გქონდეთ უნიტაზი: ჯერ ერთი, რომ ამით ბაქტერიებისგან დაიცავთ თავს და მეორეც, დაუპატიჟებელი სტუმრის მოსვლის შემთხვევაში, უხერხულ მდგომარეობას აიცილებთ.