Uncategorized

3 პოპულარული პერსონაჟი, რომელიც სისუფთავეზეა ჩაციკლული

    მაყურებელს კონკრეტული პერსონაჟები მათი ხასიათის, ქმედებების და საკუთარ თავთან მსგავსების გამო უყვარდება. სცენარისტებმა ეს კარგად იციან და ამიტომ, ყოველთვის ცდილობენ, პერსონაჟებს რაღაც განსაკუთრებული თვისება შესძინონ. ეს თვისება შეიძლება სისუფთავეზე ჩაციკლულობაც კი იყოს, რადგან უამრავი მაყურებელი ასეთ პერსონაჟში საკუთარ თავს ამოიცნობს.

    სერიალის ეს 3 პერსონაჟი, რომელიც სისუფთავეზეა ჩაციკლული, ყველამ კარგად იცის და ფანების დიდი არმიაც ჰყავთ. მათი ჩაციკლულობა ხშირად კომიკურ სიტუაციებს ქმნის და მაყურებელს ბევრს აცინებს…

    მონიკა გელერი – საკულტო სერიალიდან „მეგობრები“. მონიკა ნივთებისა და სისუფთავისადმი ობსესიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ყველა ნივთი სწორედ ისე და იქ უნდა იდოს, სადაც წარმოუდგენია და ნებისმიერი მცირე ცვლილებაც კი მასში შფოთვას იწვევს. ასევე, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ თავად იცის, როგორ დაალაგოს და არ სურს, მის საქმეში ვინმე ჩაერიოს. მისი ეს დამოკიდებულება მთელი სერიალის განმავლობაში სასაცილო მომენტებს ქმნის. განსაკუთრებით კომიკურია ეპიზოდი, სადაც იგებს, რომ როსის ახალ შეყვარებულს სახლი თავდაყირა აქვს და ამ აზრისგან იმდენად ვერ ისვენებს, რომ ქალს შუაღამეს საწმენდი ნივთებით ხელში მიადგება და სთხოვს, ნება დართოს, სახლი დაულაგოს… საინტერესოა, რომ როლებზე მსახიობების შერჩევისას, ყველაზე მეტი დრო მონიკა გელერის პერსონაჟს დასჭირდა. საბოლოოდ კი, როლი შესანიშნავმა კორტნი კოქსმა მიიღო.

    ბრი ვან დე კამპი – „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ვისაც უნახავს, ყველას უყვარს ბრი ვან დე კამპი – მტკიცე, დიდებული, მაკონტროლებელი და მუდმივად მოწესრიგებული. ბრის კვირის ყოველი დღე გადანაწილებული აქვს: თითოეული დღე რეცხვას, დალაგებას, კონკრეტული ნივთების დასუფთავებას ეთმობა. ოჯახის წევრებს მისი ეს თვისება აღიზიანებთ და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება. მაყურებელს კი ბევრს აცინებს და მარშა კროსის გმირს ყველასგან გამორჩეულ პერსონაჟად აქცევს.

    შელდონ კუპერი – „დიდი აფეთქების თეორიის“ ვარსკვლავს კი ნამდვილად ოსიდი აქვს – ის გამუდმებით ყველაფერს ასუფთავებს, ხელებსაც ათასჯერ იბანს და ადამიანებსაც ერიდება, რათა მიკრობებისგან თავი დაიცვას. სერიალის წარმატების მთავარი მიზეზიც სწორედ შელდონის გმირი და მისი ეს განსაკუთრებულობაა, რაც წარმოუდგენლად სასაცილო სიტუაციებს ქმნის. შელდონ კუპერი არამარტო „დიდი აფეთქების თეორიაში“, არამედ ზოგადად, სერიალების იტორიაში, უნიკალური პერსონაჟია და მილიონობით ფანი ჰყავს. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ შელდონის როლის შემსრულებელი, ჯიმ პარსონსი წლების განმავლობაში გახლდათ ჰოლივუდში ნომერ პირველი მსახიობი, რომელიც თითოეული ეპიზოდიდან ყველაზე მაღალ ჰონორარს იღებდა.