Uncategorized

ჟანგის მოშორების მეთოდები

    ჟანგი უსიამოვნო სანახავია. როცა ადამიანები საყოფაცხოვრებო ნივთებზე ჟანგს ხედავენ, უარყოფითი განცდა ეუფლებათ და ნივთის მოშორების სურვილი უჩნდებათ. სახელწოდების მიუხედავად, უჟანგავი ფოლადიც კი, რომელიც გამძლე და მდგრადია, შეიძლება ჟანგის მსხვერპლი გახდეს… ამ ბლოგში ჩვენ ჟანგზე და მისი მოშორების მეთოდებზე მოგიყვებით.

    პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟანგი წარმოიქმნება არამარტო რკინაზე, არამედ სხვა ლითონებზეც. მას მოყავისფრო-მოწითალო ფერი აქვს და თუ ყურადღება არ მიექცა, მაშინ ისეთი საგნები, როგორიცაა მილები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შეიძლება დაზიანდეს – დაეკარგოს სიმტკიცე, მოხდეს გაჟონვა და სხვა პრობლემები.

    რას უჩნდება ჟანგი ძირითადად?

    ფოლადის საყოფაცხოვრებო ტექნიკა

    ფოლადის ნიჟარა

    ფოლადის ჭურჭელი, ტაფები

    ლითონის მილები

    ლითონის გარე ავეჯი

    ჟანგის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია: წყალი, ზეთი, მტვერი, ცხიმი. ასევე, ის შეიძლება წარმოიშვას წარმოების ხარვეზების გამოც. თუ უჟანგავი ფოლადი სწორად ინახება, უმეტეს შემთხვევაში, ჟანგი არ წარმოიქმნება. ჟანგის წარმოქმნა შეუძლია ხანგრძლივ კონტაქტს ზეთთან, სიცხესთან ან მარილთან, ან როცა ნივთები წყალში რჩება.

    ჟანგის მოსაშორებლად რაცაა საჭირო, უმრავლესობას უკვე სახლში გაქვთ. ასე რომ, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

    შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ლიმონის წვენი ისე, რომ საკმაოდ სქელი კონსისტენცია მიიღოთ.

    წაუსვით დაჟანგულ  ადგილებს.

    დატოვეთ ნახევარი საათით. ოღონდ თვალ-ყური ადევნეთ და თუ გაშრობას დაიწყებს, დაასხით ცოტა წყალი. მთავარია, ისე არ გაშრეს, რომ დაჟანგულ ადგილს მოძვრეს.

    30 წუთის შემდეგ, მოაშორეთ ნოტიო ღრუბლით. ჟანგი ღრუბელს უნდა წამოყვეს. ხოლო თუ არ მოცილდა, თავიდან მიჰყევით ნაბიჯებს.

    ბოლოს კი – სუფთა, მშრალი ტილოთი გაწმინდეთ და დარწმუნდით, რომ ბოლომდე გაშრა, რათა თავიდან აიცილოთ ჟანგის ხელახლა წარმოქმნა.

    რაც შეეხება კონკრეტულად უჟანგავი ფოლადის ჩანგლებს, კოვზებსა და დანებს, მათი გაწმენდა შემდეგი მეთოდით შეგიძლიათ:

    გარეცხეთ ნივთი თბილი წყლით, ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენებით.

    პატარა ჭურჭელში ჩაასხით ლიმონის წვენი. აიღეთ თეფში და დაყარეთ მარილი. ჭურჭლის ღრუბელი ჯერ ლიმონის წვენში ჩადეთ, შემდეგ – მარილში და კუთხის მეშვეობით, ნაზად დაიწყეთ დაჟანგებული ადგილის წმენდა, სანამ ჟანგი არ მოცილდება. მყარი ლაქების შემთხვევაში, პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება.

    როცა ჟანგი მოშორდება, გაავლეთ ნივთები წყალში და კარგად გააშრეთ.

    იმედია, ეს რჩევები გამოგადგებათ და ჟანგის გაჩენის შემთხვევაში, მარტივად შეძლებთ ნივთების გაწმენდასა და განახლებას.