Uncategorized

როგორ გავწმინდოთ ვერცხლი?

    ვერცხლის ჭურჭელი და სამკაულები ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორც არ უნდა მოვუფრთხილდეთ მათ, დროთა განმავლობაში მაინც ჭუჭყიანდება და ძველებურად აღარ ბრწყინავს. მათი გაწმენდა მარტივი არ არის, რადგან ლაქები ზედაპირზე მჭიდროდ ჯდება. თუმცა, ამ ბლოგში სწორი წმენდის მეთოდებს გასწავლით, რომელიც თქვენს ნივთებს ბზინვარებას შეუნარჩუნებს…

    კარგი ამბავი ისაა, რომ ვერცხლს ზედმეტი მოვლა და სიფრთხილე არ სჭირდება. თუ მას სწორად გავაპრიალებთ, გაწმენდა დიდი ხნით აღარ დასჭირდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვერცხლს ხშირი და ინტენსიური გაპრიალება არ უხდება, შეიძლება ზედაპირი დაზიანდეს, მიუხედავად იმისა, რამდენად ნაზად აკეთებთ ამას.

    სანამ წმენდის მეთოდებზე გადავიდოდეთ, გაგიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, თუ როგორ მოვუფრთხილდეთ ვერცხლის ნივთებს:

    სუნამოებმა და ლოსიონებმა შეიძლება იმოქმედოს ვერცხლზე, ამიტომ, მოიხმარეთ ისინი, სანამ სამკაულს გაიკეთებთ.

    არაა რეკომენდებული ცურვა ზღვის ან ქლორიან წყალში, რადგან ორივე უარყოფითად მოქმედებს ვერცხლზე. თუ საცურაოდ მიდიხართ, სჯობს, ვერცხლის სამკაული სახლში დატოვოთ.

    ნუ შეურევთ სხვადასხვა მეტალს თქვენი სამკაულების ყუთში.

    ახლა კი გადავიდეთ წმენდის მეთოდზე, რომელიც საკმაოდ მარტივია და მხოლოდ საცხობ სოდას საჭიროებს…

პატარა თასში ჩაყარეთ სოდა და დაასხით წყალი, შეურიეთ ისე, რომ არ იყოს ძალიან თხელი.

დაასველეთ რბილი ნაჭერი ამ ნაზავში და გაწმინდეთ ვერცხლის სამკაული თუ ჭურჭელი.

თუ ვერცხლი ძალიან დალაქავებულია, შეგიძლიათ, გაახვიოთ ნაჭერში და დატოვოთ დაახლოებით ათ წუთს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო გასაწმენდია ნივთი, მით უფრო დიდი ხნით დატოვებას საჭიროებს.

ამის შემდეგ შეუშვირეთ ცივ წყალს ვერცხლი, რათა სოდა ბოლომდე ჩამოირეცხოს.

გააშრეთ ნივთი და ბოლოს გაწმინდეთ რბილი ნაჭრით.

    გარდა ამ მეთოდისა, შეგიძლიათ, მიმართოთ ძმრით წმენდასაც, თუმცა, საცხობი სოდა ამ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ.

ვერცხლის ნივთები მოათავსეთ თასში.

დაასხით იმდენი ჭიქა ვაშლის ძმარი, რამდენიც ნივთების დასაფარად გჭირდებათ. თითოეულ ჭიქა ვაშლის ძმარს დაამატეთ ოთხი სუფრის კოვზი საცხობი სოდა.

დატოვეთ ვერცხლის ნივთები ამ სითხეში ერთი საათით.

შემდეგ გადაღვარეთ სითხე, გაავლეთ წყალში ნივთები და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით.

    წმენდის ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ, ვერცხლის ნივთებს ბზინვარება შეუნარჩუნოთ.