Uncategorized

რეცენზია: თამარ შენგელიას „დღეები, რომელშიც ვცხოვრობ“

    ნაყოფის დაკარგვისა და მტკივნეული განშორების შემდეგ, ახალგაზრდა ინგე მძიმე პერიოდს გადის: საწოლიდან თითქმის არ დგება, ემოციურად გამოფიტულია და სიცოცხლის სურვილი აღარ აქვს. თუმცა, ერთ დღესაც, ძალებს იკრებს და გადაწყვეტს, ახალი ცხოვრება დაიწყოს…

    ინგე დასუფთავების კომპანიაში იწყებს მუშაობას და თანდათან ადამიანური გრძნობები უბრუნდება. თანამშრომლები ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ, საკუთარ ამბებს უზიარებენ და პრობლემების დროსაც გვერდში უდგანან. ინგე მათ ადვილად უმეგობრდება და ამ ერთობის ნაწილი ხდება.

    კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა ობიექტზე დადიან: ბანკები, ოფისები, სახლები… და ყველგან სხვადასხვანაირ დამოკიდებულებას აწყდებიან: ზოგი მათ გულღიად და მეგობრულად ხვდება, ზოგი კი ზემოდან დაჰყურებს და კაპრიზულობით გამოირჩევა.

    ინტელექტუალმა ინგემ, რომელიც ლიტერატურის დიდი მოყვარულია, კარგად იცის, რომ ასეთი დამოკიდებულება ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურება და ცდილობს, გულთან ახლოს არ მიიტანოს. მშვიდად ასრულებს თავის საქმეს და მოთმინებით მიიწევს დასახული მიზნისკენ – კუბაზე მოგზაურობისკენ…

    თამარ შენგელიას რომანი, „დღეები, რომელშიც ვცხოვრობ“ ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვება, ისტორიას – დიდი დაცემიდან დიდ ოცნებამდე, სადაც მთავარი გმირის გარდა, უამრავი საინტერესო პერსონაჟი გვხვდება. მათი ისტორიები სავსეა ზრუნვით, სევდით, ხალისით, სიყვარულითა და ტკივილით და იმდენად ადამიანურია, რომ შეუძლებელია, არ თანაუგრძნო.

    ავტორი ოსტატური თხრობით ცდილობს, გვიჩვენოს იმ ადამიანების შინაგანი სამყარო და ცხოვრება, რომლებიც დასუფთავების კომპანიაში მუშაობენ.

    რომანი რეალურ ამბებს ეფუძნება. პერსონაჟთა პროტოტიპები „სუფთა სამყაროს“ თანამშრომლები არიან და წიგნიც „სუფთა სამყაროს“ მხარდაჭერით გამოიცა. კომპანიის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დასუფთავების კომპანიის თანამშრომლებისადმი მეტი პატივისცემა და დაფასებაა.

    ამ მიზნის მისაღწევად კი, ლიტერატურა საუკეთესო გზაა. წიგნს ნამდვილად აქვს ძალა, მკითხველთა გულებამდე მიაღწიოს და მეტი ემპათიით დაგვანახოს ესა თუ ის მოვლენა თუ ადამიანი.

    გარდა ზემოთაღწერილისა, თამარ შენგელიას რომანი ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებსაც ეხება, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობა, ფემიციდი, სოციალური უთანასწორობა…

    მთავარი გმირი მუდმივად რეფლექსირებს და არასდროს ცდილობს, თავის თავს სიმართლე დაუმალოს. მშვენივრად აცნობიერებს, რომ ცხოვრების დასალაგებლად ჯერ საკუთარი თავი უნდა დაალაგო. ასეთი მიდგომა კი ყოველთვის აძლევს ძალას ადამიანს და საბოლოოდ, რამდენი სირთულეც უნდა შეხვდეს, მაინც გამარჯვებული გამოდის…

    „დღეები, რომელშიც ვცხოვრობ“ ავთენტური წიგნია, ღრმა და ადამიანური ისტორია, რომელიც, სწორედ თავისი ავთენტურობით, ნებისმიერი მკითხველის გულამდე აღწევს და მის განცდებს ეხმიანება…

                                                                                                    მარი ბექაური