იპოვე შენი შეცდომა და უკეთ მართე ემოციები
რამდენი ადამიანიცაა სამყაროში, იმდენი ხედვა არსებობს. თითოეული ადამიანი სამყაროს და რეალობას საკუთარი გამოცდილებიდან, რწმენა-წარმოდგენებიდან და არაცნობიერი სცენარებიდან გამომდინარე აღიქვამს. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე სიტუაციაზე, ადამიანებმა, შეიძლება, სრულიად განსხვავებულად ირეაგირონ.
რა განაპირობებს ჩვენს რეაქციას, ჩვენს ემოციებსა და ქცევას?
აზრი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ავტომატურად მოგვივიდა.
აარონ ბეკმა შექმნა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (კბთ), რომელიც, კვლევითი მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თერაპიული მიდგომაა. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია გულისხმობს ემოციების, აზრების და ქცევების ერთმანეთთან დაკავშირებას და პრობლემის რაციონალურად ახსნას.
კბთ-ს მიხედვით, ადამიანების ემოციებზე, სხეულის რეაქციებსა და ქცევაზე გავლენას ახდენს მოვლენების აღქმა, ანუ არა თავად სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ამ სიტუაციას.
ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი კოგნიტური შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ხოლმე და რაც მოვლენის მცდარ აღქმას განაპირობებს. მათი გაცნობა დაგეხმარება, ნათლად დაინახო, სად უშვებ შეცდომას და ისწავლო ემოციებთან გამკლავება.
ყველაფერი ან არაფერი – შავ-თეთრი აზროვნება, სიტუაციის ხედვა მხოლოდ ორი შესაძლო შედეგით.
კატასტროფიზაცია – მომავალი კატასტროფის წინასწარმეტყველება, შესაძლო პოზიტიური მომავლის უარყოფა.
მკითხაობა – მომავლის პროგნოზირება შეზღუდული მტკიცებულების საფუძველზე.
აზრების ამოცნობა – წინასწარმეტყველება ან რწმენა იმის, რომ იცი, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები.
პოზიტიურის დისკვალიფიკაცია – პოზიტიური ინფორმაციისთვის ყურადღების არმიქცევა, „გვირაბული ხედვა“.
გაზვიადება/დაკნინება – ნეგატიური ინფორმაციის გაზვიადება, პოზიტიური ინფორმაციის დაკნინება.
შერჩევითი აბსტრაქცია – ფოკუსირება ერთ დეტალზე და არა მთლიან სურათზე.
ზე-გენერალიზება – დასკვნების გამოტანა ერთი ან მცირე რაოდენობის შემთხვევების საფუძველზე.
არასწორი დამოკიდებულება – სხვადასხვა მოვლენის გამომწვევი მიზეზებისადმი არასწორი დამოკიდებულება.
პერსონიფიცირება – სხვა მიზეზების განხილვის ნაცვლად, ფიქრი იმაზე, რომ თვითონ გამოიწვიე ნეგატიური მოვლენები.
ემოციური მსჯელობა – მტკიცება, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, რადგან ცუდი გრძნობა გაქვს.
სახელდება (იარლიყის მინიჭება) – ზოგადი იარლიყის მინიჭება ვინმესთვის ან რაიმესთვის, ქცევების ან ნივთის ასპექტების აღწერის ნაცვლად.
ამოიცანი შენი აზროვნების ტიპი?
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კოგნიტური შეცდომა ხელს უწყობს რეალობის ნეგატიურად, დამახინჯებულად აღქმას და ადამიანიც ხშირად შესაბამის, ნეგატიურ ემოციებს განიცდის. არადა, ამ ხედვას, შესაძლოა, საერთო არაფერი ჰქონდეს ობიექტურად მოცემულ მოვლენებთან და სიტუაციებთან.
ამიტომ, როცა კონკრეტულ სიტუაციაში მძიმე ემოციები დაგეუფლება ან გამოწვევის წინაშე დადგები, გაიხსენე შენი „კოგნიტური შეცდომა“ და შეეცადე, ამ სიტუაციას დამკვირვებლის თვალით შეხედო.
“სუფთა სამყარო“ ზრუნავს შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე!